ნარმანია მინისტრის თანამდებობას ტოვებს და თბილისის მერობისთვის კამპანიას იწყებს

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და თბილისის მერობისთვის კამპანიას იწყებს.  

ნარმანია პირველად მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად 2013 წლის ნოემბერში დაასახელა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვირას 15 ივნისს ოფიციალურად დანიშნა ადგილობრივი არჩევნები; ახლა მთავრობამ პრეზიდენტის განკარგულება უნდა დაამტკიცოს – პრეზიდენტის ბევრი სხვა გადაწყვეტილებების მსგავსად, ამ განკარგულებასაც სჭირდება მთავრობის კონტრასიგნაცია.  

14 აპრილს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნარმანიას დიდი ბრძოლა არ მოუწევს მომავალ არჩევნებზე, რადგანაც „ის არის უალტერნატივო კანდიდატი“.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის მართლაც დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ნარმანია არის „მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი, მენეჯერი“ და გაიმეორა, რომ „ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი“, რომ ნარმანია გაიმარჯვებს არჩევნებში.

ნარმანიამ მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ შეუძლებელი იქნებოდა გამოწვევებთან გამკლავება, რომ არა ერთიანობა მთავრობის შიგნით.

„თქვენ მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა გხვდებათ თბილისში, ძალიან ბევრი პრობლემა დაგიტოვათ ყოფილმა მერმა, ბატონმა უგულავამ, მაგრამ მე მჯერა, რომ თქვენ ისევე ღირსეულად გაართმევთ თავს ამ პრობლემებს, როგორც თავი გაართვით მინისტრად მუშაობის დროს“, – მიმართა პრემიერ–მინისტრმა ნარმანიას.

პრემიერ–მინისტრს ჯერ არ დაუსახელებია ნარმანიას შემცვლელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე.

მერობის დანარჩენი კანდიტატები არიან: ნაციონალური მოძრაობიდან – ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია; ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე;  ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს მიერ დასახელებული კახა კუკავა;  ლეიბორისტებიდან – მსახიობი ასმათ ტყაბლაძე; მწვანეთა პარტიიდან – დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა.