რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ხდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ელგუჯა ხოკრიშვილი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა.
ახალ მინისტრს ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში განათლება, მათ შორის დოქტორის ხარისხი, გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დანიშვნამდე, კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე იყო, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
„მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია, შესანიშნავი განათლება და გამოცდილება მრავალმხრივი და ყველა უნარი იმისათვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს და გააგრძელოს ის გზა, რომელიც დაიწყო ბატონმა დათო ნარმანიამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აპრილს ახალი მინისტრის წარდგენისას და იმედი გამოთქვა, რომ ის "გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი".
ამ წარდგენას წინ უსწრებდა განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან დავით ნარმანიას გადადგომის თაობაზე. ნარმანია ქართული ოცნების კანდიდატად იყრის კენჭს თბილისის მერის პოსტზე 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მისი გადადგომა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებას უკავშირდება.