ღარიბაშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივ დევნაზე ‘მორატორიუმს’ აცხადებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკაონ თავი „იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა“ და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში.

14 აპრილს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა შეეძლოს საარჩევნო კამპანიის წარმოება და ამ მიზნით, „მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი“.

„მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკაონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია პროტესტს გამოთქვამს მისი ზოგიერთი იმ წარმომადგენლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალდებების წაყენების და დაკავების შემთხვევების გამო, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში გეგმავდნენ კენჭისყრას, ასევე მათი აქტივისტების და ლიდერების პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების გამო.

სავარაუდოდ იმ ბოლო შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და აქტივისტებს დაუპირისპირდნენ, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში დაგროვილი „აგრესია პერიოდულად არის გამოხატული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“.  

„მე მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები; ეს არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები მოხდა და რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მტკიცედ ადგას დემოკრატიის გზას და არის იმის გარანტი, რომ ჩატარდება ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მოუწოდა მედიას ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს კამპანია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგში და საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდონ, რომლებსაც „გპირდებით, უყურადღებოდ არ დავტოვებთ“.

„მჯერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც წინა, საპრეზიდენტო არჩევნები, იქნება სამაგალითო და უპრეცენდენტო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.