ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არაუგვიანეს ივნისისა მოეწეროს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 14 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს თავდაპირველად დაგეგმილზე უფრო ადრე, „არაუგვიანეს ივნისისა“, მოეწეროს ხელი.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ, რომელიც ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი–საქართველოს და ევროკავშირი–მოლდოვას ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება „დადებით გავლენას იქონიებს სტაბილურობასა და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე ამ ორი ქვეყნის ყველა მოქალაქის სასიკეთოდ“.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკას განაგრძონ რეფორმების განხორციელება თავიანთი ვალდებულების ფარგლებში, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია“, – განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
14 აპრილს ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ბოლო დროს გავრცელებული მრავალი „მცდარი ინფორმაციის გასაბათილებლად“ განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ჩამოთვლილია 40 „მითი“ და მათზე პასუხები. განცხადებაში უარყოფილია მითები იმის თაობაზეც, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება”; „ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს” და „შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას”.