ადგილობრივი არჩევნების ძირითადი ვადები და პროცედურები

15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 71 საკრებულოს 2 088 წევრი, 12 მერი და 59 გამგებელი პირდაპირი წესით აირჩევა.

ქვემოთ მოცემულია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ დამტკიცებული საარჩევნო გრაფიკის ძირითადი ვადები და პროცედურები.  

14 აპრილიდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.

19 აპრილს ცესკო გამოაქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, მათ შორის ოლქების მიხედვით; ცესკო ვალდებულია სიებში კორექტივების შეტანის შედეგად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნოს ასევე 10 ივნისსაც.   

19 აპრილს იწურება პარტიების მიერ რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა, ხოლო 29 აპრილს  საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის ვადა.  

3 მაისს იწყება და 9 მაისს მთავრდება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცესი.

16 მაისს პარტიებმა და ბლოკებმა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები უნდა წარადგინონ – მაჟორიტართა წარდგენის უფლება აქვს ასევე საინიციატივო ჯგუფებს. ამავე დღეს იწურება პარტიების/ბლოკების მიერ მერებისა და გამგებლების კანდიდატთა წარდგენის ვადა. 

16 მაისს განისაზღვრება ასევე ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

22 მაისს იწურება მერობისა და გამგებლობის კანდიდატთა, ხოლო  23 მაისს საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა.

კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა 5 ივნისამდე შეეძლებათ. თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში. 

5 ივნისამდე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომელთა რეგისტრაციის საკითხიც მიმართვიდან ხუთ დღეში გადაწყდება.

8 ივნისს კი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეწურებათ რეგისტრაციისთვის ცესკოსთვის მიმართვის ვადა. ცესკომ ან უნდა დაარეგისტრიროს, ან უარი უთხრას რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენიდან ორი დღის ვადაში.

13 ივნისის დილის 8 საათიდან დაწყებული 15 ივნისის საღამოს 8 საათამდე, როდესაც კენჭისყრა სრულდება, პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნება იკრძალება.

15 ივნისს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 8 საათზე სრულდება, რასაც მოსდევს ხმების დათვლის პროცედურა. ამ დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია; აკრძალულია ასევე ტელევიზიებსა და რადიოებში საარჩევნო რეკლამის გაშვება.

საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 26 ივნისისა აჯამებენ საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და შემაჯამებელ ოქმებს გადასცემენ ცესკოს. არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ვადა იწყება, ხოლო ძველისა წყდება შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს – 7 ივლისს.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს თავად ცესკო შეაჯამებს არაუგვიანეს 9 ივლისისა.

იმ შემთხვევაში თუ მერობის და გამგებლობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ნიშნავს მეორე ტურს, რომელიც დანიშვნის განკარგულების მიღებიდან ორ კვირაში იმართება. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურები ივლისში გაიმართება.