ქართველი ჟურნალისტები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს
ტელეკომპანია TV3 აცხადებს, რომ მისი სამი თანამშრომელი რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ აძვში 15 აპრილს დაახლოებით 5 საათისთვის მაშინ დააკავეს, როცა გადამღები ჯგუფი საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე რეპორტაჟს ამზადებდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტის ბელა ზაქაიძის, ოპერატორ ვახტანგ ლეკიაშვილის და ჩართვის ჯგუფის წარმომადგენლის მიხეილ მიხოევის დაკავების პროცესს თვალს ადევნებდა მოშორებით მყოფი მათი მძღოლი; დაკავებულთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ჟურნალისტების გათავისუფლების საქმეში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები; ასევე მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
„მიმდინარეობს ცხელი ხაზით მუშაობა მათი დაბრუნების თაობაზე“, -განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტების დაკავების ფაქტს „ძალიან აღმაშფოთებელი“ უწოდა.
ცხინვალის ხელისუფლებამ დაადასტურა სამი ქართველი ჟურნალისტის დაკავება. სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინებოდა პოსტ–კონფლიქტური მოგვარების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ „საქართველოს სამი მოქალაქე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს … სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო“ სოფელ აძვის მახლობლად; სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დაკავებები, როგორც ცხინვალი და ადგილზე განთავსებული რუსი სამხედროები აცხადებენ, „საზღვრის დარღვევის“ მოტივით, იშვიათი მოვლენა არ არის; ჩვეულებრივ, დაკავებულებს დაჯარიმების შემდეგ ათავისუფლებენ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა დაწერა Tweeter-ზე: „ძალზედ შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების გამო. პრესის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა“.