პროკურატურას ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე დაახლოებით ორი კვირის წინ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმის მანიშნებელია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები „საქმის მიჩქმალვას“ ცდილობენ.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ და ვხედავთ აბსოლუტურ გულგრილობას პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის სხდომაზე 16 აპრილს, „ჩვენ ალბათ მომავალში დავაყენებთ სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს“.
ამ განცხადების საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან გამოვთქვამთ ძალიან მკაფიო პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრის ცემის თუ სხვა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ვერ იქნება დროულად გამოძიებული, ვერც ერთი ჩვენი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად იქნას გახსნილი და ნათელი მოეფინოს იმას, რა მოხდა ბატონ ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში აღარ იქნება ის დრო, როდესაც მსგავსი ფაქტების გამოძიებას სჭირდება ცხრა წელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი; პროკურატურამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ გელაშვილზე თავდასხმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება.
პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge-ს სამშაბათს, რომ წიკლაურზე თავდასხმის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.
ქართული ოცნების დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ 16 აპრილის სხდომაზე ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წიკლაურზე თავდასხმის გამოძიება „ჩვენი მთავრობის პრესტიჟის" საკითხია.