საქართველო უკრაინის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და კერძოდ „აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის“ შესახებ 17 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა.

რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განიხილონ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე ახსენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს და აცხადებს, რომ რუსეთს „კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევით“.

„ეთნიკური წმენდა და იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა  იმ საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამ ადგილებში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ასევე ამბობს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებები უკრაინასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან „არ წარმოადგენს ევროკავშირთან მათი ურთიერთობების საბოლოო მიზანს“.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49–ე მუხლის თანახმად, „საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს – აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის და უმცირესობების უფლებების პატივისცემის პრინციპებს და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას“.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის და „ხელმოწერისთანავე“ მათი დროებითი გამოყენების მექანიზმის მიმართ.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შეამციროს შეტყობინებების პროცედურები შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ, რათა მისი დროებითი გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი ხელმოწერის შემდეგ“.

ევროპარლამენტმა ასევე გამოხატა მზაობა ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად საქართველოსთან და მოლდოვასთან შეთანხმებების ხელმოწერას რაც შეიძლება სწრაფად მოყვეს მათი რატიფიცირება, ვიდრე მოქმედ ევროკომისიას მანდატი ამოეწურება ოქტომბერში. 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ამ ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფისკენ.  

რეზოლუციაში ევროპარლამენტი ასევე ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის თაობაზე რუსეთთან „გულწრფელი და ღია დიალოგის“ მნიშვნელობას.

„რუსეთის წუხილები უკრაინის და აღმოსავლეთის სხვა მეზობლების ევროკავშირთან ასოცირების პროცესთან დაკავშირებით ადეკვატურად უნდა იქნას განხილული და განმარტებული, რათა შემცირდეს შიშები ევროპის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური გამყოფი ხაზების გაჩენის თაობაზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, „თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება გააკეთოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ ევროკავშირის ჩართულობა მის აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიზნად ისახავს კეთილდღეობის გავრცელებას და პოლიტიკური სტაბილურობის გაზრდას, რისგანაც საბოლოო ჯამში რუსეთის ფედერაციაც  იხეირებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას და განაცხადა 18 აპრილს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ამ განცხადებით, ცხადია, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ივნისში, არ არის ბოლო ეტაპი ევროკავშირთან ინტეგრაციისა, არამედ ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, ხოლო საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის კიდევ გარკვეული ეტაპები, მაგრამ ეს მიზანი უკვე არის გამოკვეთილი და ხელშესახები“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.