თბილისში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ვიდეოხიდის მეშვეობით მიმართავს აუდიტორიას თბილისში მისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნისას, 22 აპრილს. ფოტო: ინტერპრესნიუსი
თბილისში 22 აპრილს ახლად აშენებულ შენობაში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ბიბლიოთეკის მშენებლობას 2013 წლის ოქტომბერში, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე და საქართველოდან წასვლამდე ერთი თვით ადრე ჩაუყარა საფუძველი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაერთო გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკა კერძო შემოწირულობებით და მისი პირადი სახსრებით, ასევე მისი ბიძის თემურ ალასანიას დახმარებით აშენდა; ალასანიამ მიწის ნაკვეთი შეიძინა.
მან განაცხადა, რომ სურს ბიბლიოთეკა, რომელიც ძირითადად პოლიტიკური, სოციალური მეცნიერების და არქიტექტურის თემატიკის წიგნებს შეიცავს, იყოს „ღია, დემოკრატიული სივრცე“ ძირითადად სტუდენტებისთვის. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლება ახალ თაობას უნდა ეკუთვნოდეს და დასძინა, რომ ეს ბიბლიოთეკა არის „ჩემი მოკრძალებული წვლილი“ ამისთვის ნიადაგის მომზადებისა და წარსულთან დასამშვიდობებლად.
თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე ბიბლიოთეკას არაკომერციული ორგანიზაცია მართავს, რომელსაც ანდრო ბარნოვი ხელმძღვანელობს; ეს უკანასკნელი 2013 წელს შვიდი თვის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ბიბლიოთეკა, რომელიც ჯერ სრულად არ არის დასრულებული, დღის განმავლობაში რამდენიმე საათი იმუშავებს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ გეგმაშია მაღალი რანგის გამომსვლელების, მათ შორის უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენლების, ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების მოწვევა ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლექციების წაკითხვის და დისკუსიების გამართვის მიზნით.
კითხვაზე, თუ როდის ჩამოვა ის საქართველოში, რათა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ლექცია წაიკითხოს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს „ბევრად უფრო მალე“ მოხდება, ვიდრე ეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენია.
„დღეს არის ორი ქვეყანა, სადაც მე მაქვს ჩასვლის პრობლემა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ის უკრაინაში „შავ სიაში“ შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე.
„უკრაინაში შავმა სიამ გასტანა ზუსტად ორი თვე“, – განაცხადა სააკაშვილმა, „საქართველოშიც ეს დამთავრდება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია“.
მარტში სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა რამდენიმე საქმეზე, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ექს–პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლაზე და დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა; შემდეგ პროკურატურამ მას ვიდეო ჩართვის გზით შესთავაზა დაკითხვა, თუმცა მან ამაზეც უარი განაცხადა. სააკაშვილმა გაიმეორა 22 აპრილს, რომ ის მხოლოდ სასამართლოს წინაშე და არა პროკურორების წინაშე დათანხმდება მოწმის სახით დაკითხვას სკაიპის მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეს საქმე სასამართლოს გადაეცემა განსახილველად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)