ირანის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს შეხვდა და აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ხაზის საკითხი წამოწია

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გავლით ირანის და საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო პროექტის განვითარებით მთელი რეგიონი მიიღებს სარგებელს, ირანის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად.

ქაზვინი–რეშთი–ენზელი–ასტარას რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ირანს აზერბაიჯანს, ხოლო შემდეგ რუსეთს და საქართველოს დაუკავშირებს, ამჟამად მიმდინარეობს.

თეირანში ახლად დანიშნულ საქართველოს ელჩთან იოსებ ჩახვაშვილთან შეხვედრაზე საუბრისას, რომელმაც რწმუნებათა სიგელები გადასცა ირანის პრეზიდენტს, რუჰანიმ საქართველოსთან „ურთიერთობების გაფართოებისთვის“ მზადყოფნა გამოთქვა, ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად.

ამავე ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს „ახალი ელჩი შეისწავლის ნიადაგს ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების დონის ასამაღლებლად“.

„შეეხო რა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს, მან [რუჰანიმ] განაცხადა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სურს“, – ნათქვამია პრესრელიზში.