ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობს, იტყობინება საგარეო უწყება 23 აპრილს.

ვიზიტის ფარგლებში ფანჯიკიძე საბერძნეთის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს შეხვდება, ასევე გამართავს შეხვედრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან იოანის ტრაგაკისთან და თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

იმავდროულად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავისი თურქი კოლეგის ისმეთ ილმაზის მიწვევით ორდღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება, სადაც ჩანაქქალეს (დარდანელის) ბრძოლის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.