ათენში საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 23 აპრილს ათენში თავის ბერძენ კოლეგას ევანგელოს ვენიზელოსს შეხვდა.

ვენიზელოსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, გაიმეორა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ივნისის ბოლომდე ხელი უნდა მოაწერონ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.

„ჩვენ მივაღწევთ ამას და ეს არის ჩვენი მიზანი და არჩევანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების შესახებ“, – განაცხადა მან, „როგორც ალიანსის ძველი წევრი, საბერძნეთს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერსპექტივა საქართველოსთვის“.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული უკრაინის კრიზისი, ასევე „კრიზისი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში“.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანი გააკეთა – რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება თავისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების უგულებელყოფის გარეშე“, – განაცხადა ვენიზელოსმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მის ბერძენ კოლეგასთან „ძალიან პროდუქტიული“ იყო. მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მეტი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდისთვის და დასძინა, რომ მან თავისი კოლეგა საქართველოში მოიწვია ბერძენი ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად.