Amnesty International–ი საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისკენ მოუწოდებს
Amnesty International–ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში პირველად მიიღება, გახდეს „ეფექტური ინსტრუმენტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
თუმცა, ბევრი ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა უმცირესობებთან თანამშრომლობით შემუშავებული თავდაპირველი დოკუმენტის მნიშვნელოვნად შესუსტებული ვერსიაა. უფლებადამცველები და ასევე საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს ეფექტური განხორციელების მექანიზმებს, ასევე ფინანსურ ჯარიმებს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისთვის.
„საქართველოს მთავრობამ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა ცოტა ხნით ადრე, სანამ ის ოფიციალურად წარედგინებოდა პარლამენტს. ცვლილებებმა არსებითად შეცვალა კანონპროექტი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა მისი შესაძლებლობა, რომ ეფექტურად განხორციელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი,“ – ნათქვამია Amnesty International–ის მიერ 24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილები და ისეთი კანონპროექტი წარმოადგინოს, რომელიც არა მხოლოდ ქაღალდზე გამორიცხავს დისკრიმინაციას, არამედ პრაქტიკაშიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრალვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური იყოს, რადგანაც დისკრიმინაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა რელიგიური უმცირესობების და … ლგბტ საზოგადოების წევრებზე თავდასხმებს და დისკრიმინაციას მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.