საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პრაღაში შეხვდა
პრეზიდენტი მარგველაშვილი 25 აპრილს უკრაინის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრი დესჩიცას პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდა ერთი თვის თავზე უკრაინაში დაგეგმილი არჩევნების „ეფექტურად, დემოკრატიულად, მთელ ტერიტორიაზე და მთელი მოსახლეობის ჩართვით“ ჩატარების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ „რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამ მიმართებით იმიტომ, რომ უკრაინის არჩევნებით იწყება ამ საკითხების [უკრაინაში არსებული დაძაბულობის] მშვიდობიან და სტაბილურ რეჟიმში გადაყვანა“.
„ასე რომ ჩვენი ინტერესი დღეს არის მიმართული თავიდან ბოლომდე აი ამ არჩევნების ეფექტური ჩატარებისკენ“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან მუშაობას.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრაღაში მიმდინარე სამიტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობასთან ერთად მთავარი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.
„უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ევროპულ კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ევროპამ მოახდინა რეაგირება, თუმცა რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იყო. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება დავინახოთ ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროკავშირი, რომელიც აღიარებს კონკრეტული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას და იცავს მათ ევროპულ მომავალს. ეს პერსპექტივა არის მამოძრავებელი ძალა დასახული რეფორმების განსახორციელებლად“, – აღნიშნა მარგველაშვილმა 24 აპრილს თავის გამოსვლაში.
სამიტის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების პარალელურად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდეტთან მილოშ ზემანთან, მოლდოვის პრეზიდენტთან ნიკოლაი ტიმოფტისთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან, ლიტველ კოლეგასთან დალია გრიბაუსკაიტესთან, სლოვაკეთის პრეზიდენტთან ივან გაშპაროვიჩთან და შვედეთის ვიცე-პრემიერთან იან ბოირკლუნდთან.