ლავროვის თქმით, სოხუმი და ცხინვალი ყირიმის მიბაძვას არ აპირებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ სოხუმი და ცხინვალი რუსეთთან შეერთების თაობაზე ყირიმის მაგალითის მიბაძვას აპირებდნენ.
„არ გამიგია იმის შესახებ, რომ აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ხელმძღვანელობა აყენებდეს საკითხს ყირიმის მაგალითის მიბაძვის თაობაზე. არ არის ასეთი განწყობები – მათ შესახებ არ ვიცი“, – განაცხადა ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმზე აფხაზი მონაწილის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ნებას, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა. ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა და ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს იმ კურსის გატარებაში, რომელიც აირჩიეს ამ ხალხებმა“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი ეს განცხადება წინ უძღოდა შეხვედრას, რომელიც ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიაჩესლავ ჩირიკბასა და დავით სანაკოევთან მოსკოვში 25 აპრილს გამართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა 2014-2015 წლებში საგარეო უწყებათა თანამშროლობის სამოქმედო გეგმებს, რომლებიც, ლავროვის თქმით, გულისხმობს რეგიონულ პრობლემატიკაზე და საგარეო ურთიერთობებში კოორდინირებულ მიდგომებს.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ ეს არის თანამშრომლობის "სამოქმედო გეგმა", რომელიც სრულად შესრულდება, ხოლო სანაკოევმა აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, "ჩვენი ურთიერთობები სტაბილური რჩება".