სასამართლომ ოქრუაშვილის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.

ის გორის მერად კენჭს იმის გამო ვერ იყრის, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს  ის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელი მუდმივად უცხოვრია საქართველოში.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილი მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ეს გადაწყვეტილება და ამის მიზეზად ორწლიანი საცხოვრებელი ცენზი დაასახელა. ოქრუაშვილი 2007 წლის ბოლოდან საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს და ის საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა.

„ამ ბრძოლას ნებისმიერ ფასად მაინც მოვიგებ, 16 ივნისს დილით ყველა დარწმუნდება ამაში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.