ივანიშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პრემიერ ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას შორის პარასკევს გამართულ შეხვედრაში.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ნოემბერში ოფიციალურად დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი, საჯაროდ შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
შეხვედრა ერთი დღით უსწრებდა მმართველი კოალიციის მიერ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყების ღონისძიებას, რომელიც 26 აპრილს სპორტის სასახლეში გაიმართება და სადაც მოსალოდნელია 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენა.
ქართულმა ოცნებამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დაასახელა, თუმცა წარსადგენი ჰყავს კიდევ 11 თვითმმართველი ქალაქის მერობის და 59 მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატები, რომლებიც პირდაპირი წესით პირველად აირჩევიან მოახლოებულ არჩევნებზე.
შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაციაში პრემიერ-მინისტრი ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „წარმატება უსურვა კოალიციის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ და კიდევ ერთხელ შეახსენა მთელს გუნდს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.