საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის

საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მორწმუნე საზოგადოება  „მომაკვდინებელი ცოდვის“ „პროპაგანდად და დაკანონებად“ მიიჩნევს, რადგანაც ის „სექსუალური ორიენტაციას“ და „გენდერულ იდენტობას“ შეიცავს დისკრიმინაციის საფუძველთა ჩამონათვალში.

„ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნება "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.

„ჩვენი აზრით იგი იწვევს ყველა რელიგიით აღიარებული ძირითადი ზნეობრივი პრინციპების ეჭქვეშ დაყენებას; ეს კი თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში  ევროკავშირისგან  მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს და საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები კი ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

„პატივისცემით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადადოს კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოს ეკლესიის და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მართალია აქამდე ზოგიერთმა სასულიერო პირმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ საკომიტეტო მოსმენების დროს თუ სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპატრიარქომ ოფიციალური პოზიცია გაახმოვანა ამ საკითხზე.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, თვეების განმავლობაში იწერებოდა; პროცესს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით. კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენამდე, მთავრობამ მას გადახედა და სხვებთან ერთად ის დებულებაც ამოიღო, რომელიც კანონის დარღვევისთვის ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებდა – ამან უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ შეცვლილ კანონპროექტს აღარ გააჩნია ეფექტური მექანიზმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კანონპროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, "ან სხვა ნიშნის მიუხედავად."       

პარლამენტი მეორე მოსმენით კანონპროექტს სავარაუდოდ მიმდინარე კვირას განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი დეპუტატი მოითხოვს, რომ დისკრიმინაციის საფუძველთა სრული ჩამონათვალი იქნას ამოღებული კანონპროექტიდან; ამ დეპუტატებს შორისაა პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას მან მიანიშნა, რომ ვინაიდან კანონპროექტის პირველ მუხლში წერია, რომ ამ კანონპროექტის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა“, აღარ არის საჭირო იმის სათითაოდ დაკონკრეტება, თუ რა საფუძვლები შეიძლება იყოს ეს. მისი ეს განცხადება ირიბად ეხმიანება იმ ჯგუფების მოთხოვნას, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ სიიდან „სექსუალური ორიენტაციის“ ამოღებას.

ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელიც კანონპროექტის ძლიერი მხარდამჭერია, განაცხადა საპატრიარქოს მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ: „ეს კანონპროექტი არის ყველა მხარის მოსაზრების გაზიარების ნიმუში. იქ არის ასახული როგორც საპატრიარქოს მოთხოვნები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები. მაგრამ როდესაც ამ კანონპროექტზე ვმსჯელობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამოსავალი არის უმცირესობების უფლებების დაცვა და ნებისმიერი წინადადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ამ ინტერესეთან და მიზნად ისახავს  უმცირესობების უფლებების შელახვას, პარლამენტმა არ უნდა გაითვალისწინოს“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა საპატრიარქოს მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ: „ჩემთვის უცნაურია, როდესაც ის ინსტიტუცია, ეკლესია, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში განიცდიდა დისკრიმინაციას და დევნას, ის შეიძლება იყოს წინააღმდეგი დისკრიმინაციული კანონის“.

შტეფან ფულემ, ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა 25 აპრილს პრაღაში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „სწრაფად“ მიიღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, რათა წინ წაიწიოს ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით.