ევროკომისარი იმედოვნებს, რომ საქართველო ‘სწრაფად’ მიიღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს
შტეფან ფულემ, ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა 25 აპრილს პრაღაში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „სწრაფად“ მიიღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, რათა წინ წაიწიოს ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით.
პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, ხოლო მისი მეორე მოსმენით განხილვა სავარაუდოდ მიმდინარე კვირას გაიმართება.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უფლებადამცველების დიდმა ჯგუფმა გააკრიტიკა, რომელთა თქმითაც, მას განხორციელების ეფექტური მექანიზმი აკლია.
კანონპროექტი ასევე გააკრიტიკეს კონსერვატიულმა და რადიკალურმა მართლმადიდებელმა ჯგუფებმა, თუმცა სულ სხვა მიზეზის გამო – ისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებული იქნას დისკრიმინაციის მიზეზთა ჩამონათვალიდან.
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.
ევროკომისარმა ფულემ და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელთაც პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში გამართეს შეხვედრა, შეხედულებები გაცვალეს იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელი, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, „რაც შეიძლება სწრაფად იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა“, ნათქვამია ევროკომისრის პრესსამსახურის განცხადებაში. საქართველო და ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას არაუგვიანეს ივნისისა მოაწერენ ხელს.
„ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სრული სარგებლის მიღების მიზნით, საქართველომ უნდა აჩვენოს ნამდვილი ერთგულება ასოცირების შესახებ შეთანხმების ყველა ასპექტის, მათ შორის საერთო ღირებულებების მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისრის პრესსამსახურის პრესრელიზში, „ამ კონტექტსში მან [ფულემ] დასძინა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია მთავრობამ თანმიმდევრულად განაგრძოს პოლიტიკური რეფორმების განხორციელება და ყურადღება გაამახვილოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ოპოზიციის როლის პატივისცემის საჭიროებაზე. ევროკომისარი ფულე მიესალმა ამ თვალსაზრისით მთავრობისათვის ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ მიცემულ რჩევას“.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მაისში ბრიუსელს ეწვევა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისში ივნისის შუა რიცხვებში ჩამოვა.