სააპელაციო სასამართლომ ოქრუაშვილის არჩევნებიდან მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელმაც გაიზიარა ცესკოს გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.

ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად გორის საოლქო კომისიამ დაარეგისტრირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ცესკომ ბათილად ცნო, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც საარჩევნო კოდექსი კანდიდატებს უყენებს.

ოქრუაშვილი 2007 წლის ბოლოდან საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს და საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილი საბოლოოდ გამოეთიშა 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს, მან 28 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, მის შემცვლელ ახალ კანდიდატს დაასახელებს და „ვნახოთ ღარიბაშვილის ფალავანი როგორც მოუგებს ჩვენს ფალავანს“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართულმა ოცნების გორის მერობის კანდიდატად ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის სასათბურე მეურნეობის დირექტორი წარადგინა; სხვა პოლიტიკური გაერთიანებებიდან მისი კონკურენტების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.