მარგველაშვილმა ტალინში მოლაპარაკებები გამართა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 აპრილს ტალინში თავის ესტონელ კოლეგას ტომას ჰენდრიკ ილვესს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
იგი ტალინში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინტერნეტი ყველასათვის“. კონფერენციაზე გამოსვლისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად, საქართველო კიბერშეტევის სამიზნეც გახდა. მან ასევე ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ. Freedom House–ი თავის ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საქართველოს „თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოიხსენიებს.
ტალინში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ტაავი რიივასს, პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს და საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვების მთავარი თემა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია იყო.