პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 29 აპრილს კიშინიოვში თავის მოლდოველ კოლეგასთან იგორ კორმანთან შეხვედრის შემდეგ, რომ ორი ქვეყანა „ერთად მიიწევს თავისუფალი ევროპისკენ და ცდილობს რაც შეიძლება მეტად დაეხმაროს ერთმანეთს“.
უსუფაშვილმა მოლდოვას მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიულოცა. მოლდოვა პირველი ქვეყანა გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის, რომლის მოქალაქეებსაც 28 აპრილიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღით შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა.
საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება ევროკავშირთან 2013 წლის თებერვალში დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დეტალური მოთხოვნების ნუსხას, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
„ჩვენ მოლდოვას ამ თვალსაზრისით ცოტათი ჩამოვრჩებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, „მაგრამ ჩვენ არ გვშურს, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი საშინაო დავალება და მე მჯერა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენც შევძლებთ ამ პროცესის დასრულებას“.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უსუფაშვილის ხელმძღვანელობით მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის შეხვდა და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრთან იურიე ლეანკესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ნატალია გერმანთან.