უსუფაშვილი: ‘ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი უნდა განვიხილოთ სიბრტყეში – რუსეთი თუ ევროპა’

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილება სიბრტყეში „რუსეთი თუ ევროპა“ და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ საკითხზე მიიღებს „ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს“, რათა "არ დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან – რუსეთთან ერთად".

„დღეს საკითხი გვაქვს ასე: მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანებს არ უნდა გამოვეკიდოთ ჯოხით, არ უნდა გავყაროთ სამსახურებიდან, თუ არ ვიზიარებთ მათ შეხედულებებს და მათი ცხოვრების წესს თუ ვრჩებით რუსეთში, სადაც შესაძლებელია, რომ გაყარო ქალაქიდან ის ხალხი, ვინც არ მოგწონს, არ შეუშვა მაღაზიაში ის ხალხი, ვინც არ მოგწონს და საერთოდ წახვიდე და დაიპყრო სხვისი ტერიტორია. თუკი ის ტერიტორია მოგწონს“, – განაცხადა უსუფაშვილმა 29 აპრილს.  

„ამ კანონზე მსჯელობისას ჩვენ ამ სიბრტყეებზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული და არ დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან – რუსეთთან ერთად“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს კიშიონიოვში ვიზიტის დროს, სადაც მოლაპარაკებები გამართა მოლდოვას ხელმძღვანელობასთან.

„მე რუსეთზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ დღეს ჩვენმა მოლდაველმა კოლეგებმა გაიხსენებს როგორ აქტიურობდა რუსეთის პატრიარქი თავის დროზე, როდესაც აქ ეს კანონპროექტი იხილებოდა და მოსკოვიდან ხდებოდა კომენტარების გაკეთება აქაურ პოლიტიკოსებზე ვინ არის  სწორი და კარგი პოლიტიკოსი და ვის არის არასწორი“, – აღნიშნა მან.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე, რომელიც ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის მისაღებად საქართველოს მიერ აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, მეორე მოსმენა ხმაურით წარიმართა 29 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, სადაც სასულიერო პირები და ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის საარჩევნო კოალიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალში „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების დატოვებას.

კანონპროექტის წინააღმდეგ ანალოგიური პოზიცია გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ თავის განცხადებაში, რომელშიც მოითხოვა საპარლამენტო განხილვის შეჩერება კანონპროექტზე შეთანხმების მისაღწევად, რათა „ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე“. თუმცა განხილვის გადავადებისკენ მოწოდება დეპუტატებმა არ გაიზიარეს.

დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ხელისუფლებამ მრავალმხრივი კონსულტაციები გამართა, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია", – განაცხადა მან, "შესაძლოა ყველა თემაზე არ იყოს აბსოლუტური კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, პარლამენტი და პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების მორალურ სტანდარტებზე“.

29 აპრილს საპარლამენტო განხილვების დროს სასულიერო პირებმა ქართული ოცნების დეპუტატებს განუცხადეს, რომ ეკლესიასთან დაპირისპირება ხელისუფლებას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. მათ კომიტეტის სხდომა მის დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს, რასაც წინ უძღოდა ქართული ოცნების დეპუტატის თამარ კორძაიას დემარში, როგორც მან თქვა, პარლამენტზე მიმდინარე "ძალადობის" გამო.  

„როცა მოლდოვამ ანალოგიური კანონი მიიღო, მაშინ აქაც საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა იყო. ეკლესიის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად ყველა, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა ანათემას გადასცეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, „მაგრამ მეორე დღესვე კანონის მიღებიდან, ყველა პრობლემა მოგვარდა. ამ კანონის მიღებით არც ქვეყანა დაქცეულა, არც ვინმეს ბოროტად უსარგებლია ახალი ნორმებით, რომელიც იქნა მიღებული და მეტიც, გუშინდელ თვითმფრინავში ისხდნენ ის ხალხიც, რომლებიც თავის დროზე, ამ კანონის მიღების შემდეგ მოლდოვას დასასრულს  უქადნენ“.

„თვითმფრინავში“ პარლამენტის თავმჯდომარემ ფიგურალურად იგულისხმა 28 აპრილიდან მოლდოვასთვის ამოქმედებული უვიზო რეჟიმი, რომელიც მოლდაველებს უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღით უვიზოდ იმოგზაურონ.