დეპუტატები ეკლესიის წინააღმდეგობის ფონზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას განაგრძობენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თანხმობა მისცა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანას, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მცდელობის მიუხედავად, რომ კანონპროექტის განხილვის გადადებისთვის მიეღწია. 

ხანგრძლივ საკომიტეტო განხილვამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კანონპროექტის განხილვის გადადებისა და დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალიდან „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების ამოღებისკენ მოუწოდა.  

29 აპრილს ქუთაისში გამართულ საკომიტეტო მოსმენას 12–ზე მეტი სასულიერო პირი ესწრებოდა, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინებინათ დეპუტატები, რომ გაეთვალისწინებინათ საპატრიარქოს პოზიცია და არ დაეკანონებინათ ცოდვა, რაც მათი თქმით, „ქართული ტრადიციების შეურაცხყოფა“ იქნებოდა და რაც საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევდა.
 
ზოგიერთმა სასულიერო პირმა გააფრთხილა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ საპატრიარქოს მოწოდებების გაუთვალისწინებლობას პოლიტიკური შედეგები მოყვებოდა.
 
დაახლოებით ორსაათიანი დებატების შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ არც კანონპროექტის განხილვის გადადება და არც „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების ამოღება მოხდებოდა კანონპროექტიდან, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და ნინო ბურჯანაძის კოალიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად საკომიტეტო მოსმენა დატოვეს.
 
სხდომათა დარბაზის დატოვების წინ სასულიერო პირმა უთხრა ქართული ოცნების დეპუტატებს:  „ეკლესიასთან და ერთან დაპირისპირება დღევანდელ ხელისუფლებას არ წაადგება“. 
 
განხილვის დროს სასულიერო პირმა, დავით ლასურაშვილმა განაცხადა, რომ პრივატულ საუბრებში ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ეუბნება მას, რომ არ სურთ ეს კანონპროექტი, მაგრამ მისი მიღების საჭიროებას ევროკავშირის მოთხოვნებით ხსნიან.   
 
„რატომ უნდა ვასრულოთ ვიღაცის დირექტივა… ჩვენგან რატომ ითხოვენ, რომ ჩვენს ტრადიციებს უნდა გადავაბიჯოთ იმიტომ, რომ გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი?… ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ რომ ეთქვა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას?“ – მიმართა მან ქართული ოცნების დეპუტატებს. „თუ ხელისუფლება ეკლესიის პოზიციას არ გაითვალისწინებს, მე პირადად ლოცვებში ვერ მოგიხსენიებთ“.
 
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში  ევროკავშირისგან  მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.
 
„ასეთი ევროპა ვის სჭირდება, თუ გაგვათახსირა ევროპამ?“ – განაცხადა დეკანოზმა ლასურაშვილმა. 
 
კიდევ ერთმა სასულიერო პირმა დავით ქვლივიძემ განაცხადა, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს გაერთიანებას შეუძლებელს გახდის. „აფხაზები და ოსები არიან კავკასიური მენტალიტეტის ხალხი; როდესაც ისინი გაიგებენ, რომ ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ ჩვენთან აღარ იყვნენ“, – განაცხადა ქვლივიძემ და დასძინა: „ამ კანონით შეიძლება საბოლოოდ აფხაზები და ოსები დავკარგოთ… ჩვენ საქართველოს ამით დავღუპავთ“.
 
საკომიტეტო მოსმენას ასევე ესწრებოდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები; ისინი ასევე აკრიტიკებენ კანონპროექტს, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო – ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ძალიან სუსტია და ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. 
 
დებატების დროს ერთმა სასულიერო პირმა გიორგი რაზმაძემ მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე დამსწრე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს: „ვინც ხელს მოაწერს ამ კანონს, ისინი უზნეოები იქნებიან… გაუგებარი თანხებით რომ იკვებებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი ფული გადაგიხადონ და წადით სოდომ-გომორში, დღესაც ცეცხლი უკიდია იმ მიწას –  მკვდარი ზღვა, რატომ? იმიტომ რომ თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერი; ჭკუით იყავით“.
 
დებატების დროს სასულიერო პირებმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების დეპუტატი თამარ კორძაია გააკრიტიკეს, რომელიც კანონპროექტის ძლიერი მხარდამჭერია. „ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია“, – განაცხადა კორძაიამ და დატოვა მოსმენა.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა და რომელიც სხდომას უძღვებოდა, განაცხადა, რომ ხშირად კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.
 
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ უთხრა სასულიერო პირებს, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ჰომოსექსუალობის პროპაგანდასთან.  „თუ ამ ქვეყანაში მე მომიხდა იმ კანონის მხარდაჭერა, რომელიც სწორედ იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, მე ჩემს დეპუტატობის მანდატს დავტოვებ და კიდევ ვიმეორებ, არავინ არ აკანონებს ამ კანონით ერთსქესიანთა ქორწინებას“, – განაცხადა მან.
 
მანანა კობახიძე ქართული ოცნების იმ რამდენიმე დეპუტატს შორის იყო, რომლებიც ადრე კანონპროექტიდან დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალის ამოღებას ემხრობოდნენ, თუმცა 29 აპრილის მოსმენაზე მას ეს პოზიცია აღარ გაუჟღერებია.
 
მას შემდეგ, რაც მოსმენა სასულიერო პირებმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მეტი საშუალება მიეცათ, რომ თავიანთი წუხილები გამოეთქვათ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ისინიც უარყო.
 
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, თვეების განმავლობაში იწერებოდა; პროცესს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით. კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენამდე, მთავრობამ მას გადახედა და სხვებთან ერთად ის დებულებაც ამოიღო, რომელიც კანონის დარღვევისთვის ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებდა – ამან უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ შეცვლილ კანონპროექტს აღარ გააჩნია ეფექტური მექანიზმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტს პირველი მოსმენით, კვლავაც აპირებს მის მხარდაჭერას; თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციების მსგავსად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმაც მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ კანონპროექტი უფრო გააძლიეროს განხორციელების ეფექტური მექანიზმების შემოღების გზით.