საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველი შემადგენლობა მონიტორინგის საბჭოს სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას

30 აპრილს პარლამენტმა 80 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება არ შეუწყდება, თუმცა საქმიანობას სარეკომენდაციო ფუნქციების მქონე დროებითი ორგანოს – მონიტორინგის საბჭოს სტატუსით გააგრძელებს იმ ფონზე, როცა ახალი საბჭო სულ ცოტა შვიდი წევრის შემადგენლობით ფუნქციონირების დაწყებას შეძლებს.

პარლამენტს ამ მომენტისთვის ახალ 9-წევრიან საბჭოში არჩეული ჰყავს შვიდი მეურვე, რომლებიც თავისი უფლებამოსილების შესრულებას ვერ იწყებენ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი წესით არჩეული საბჭოს წევრთა სარჩელი და მათ უფლებამოსილება შეუნარჩუნა, გააუქმა რა კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება ვადის ამოწურვამდე უწყდებოდა.

კანონპროექტის თანახმად, ძველი საბჭოს შვიდივე წევრი თავის ფუნქციონირებას დროებითი ორგანოს  – მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში განაგრძობს, ვიდრე ოთხ მათგანს 2016 წლის 1 იანვარს, ხოლო დარჩენილ სამს 2017 წლის 1 იანვარს შეუწყდება უფლებამოსილება.

მონიტორინგის საბჭოს ანუ სამეურვეო საბჭოს ძველ შემადგენლობას, კანონპროექტის თანახმად, სარეკომენდაციო ფუნქციებთან ერთად ექნება ასევე საზედამხვედველო ფუნქციები, თუმცა ისინი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ.

ძველი საბჭო არასაკმარისი კვორუმის გამო ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღების უუნაროა. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც მან სექტემბრის დასაწყისში მიიღო, მაუწყებლის გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბარათაშვილისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადება იყო – ორივე შემთხვევაში ბარათაშვილმა სასამართლოს გზით დაიბრუნა თანამდებობა.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გია ჟორჟოლიანმა, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, საპარლამენტო განხილვის დროს განაცხადა, რომ ინიციატივა ერთის მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მოქმედი სამეურვეო საბჭოს მხრიდან „მორიგი კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან“ და მეორეს მხრივ, მისთვის ახალი ფუნქციების განსაზღვრით, უზრუნველყოფს ახალი საბჭოსა და დირექტორის საქმიანობაზე „ეფექტურ შიდა მონიტორინგს“. 

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს უფლება ექნება მოითხოვოს და მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის ყველა, მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება; წარუდგინოს მათ რეკომენდაციები საქმიანობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად; შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში დააყენოს წინადადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების; სამეურვეო საბჭოს წევრის საპარლამენტო იმპიჩმენტის თაობაზე; ასევე მოითხოვოს საბიუჯეტო ანგარიშის მოსმენა სამეურვეო საბჭოსთან გაერთიანებული სხდომის ფარგლებში; და მოითხოვოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გამართვა იმ პრობლემებზე, რაზეც მაუწყებლის მმართველმა რგოლებმა არ მოახდინეს სათანადო რეაგირება.

ამ საკითხებზე, კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭო სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ასევე შეუძლია დაადგინოს თავისი საქმიანობის დამატებითი წესები და პროცედურები. მათ ასევე 20%-ით ნაკლები ჰონორარი დაენიშნებათ სამეურვეოს საბჭოს წევრთა ხელფასთან შედარებით.   მონიტორინგის საბჭო, კანონპროექტის თანახმად, ფუნქციონირებას მაშინ შეწყვეტს, როცა მასში სამზე ნაკლები წევრი დარჩება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გააკრიტიკეს ინიციატივა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებისკენ მიმართული. მათ ასევე განაცხადეს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან იკვეცება ძველი საბჭოს წევრთა უფლებამოსილებები. ამის ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ძველი საბჭო ეტაპობრივად შევსებულიყო ახალი წევრებით ან 9-წევრიანი საბჭოს რაოდენობა გაზრდილიყო.

ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, შემოთავაზებული კანონპროექტი სხვა შესაძლო ვარიანტებს შორის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომელიც ჯდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის  დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში.