მართლმადიდებელმა ჯგუფებმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გამართეს

მართლმადიდებელმა ჯგუფებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, 30 აპრილს თბილისსა და ქუთაისში აქციები გამართეს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ და მოეთხოვათ პარლამენტისგან, რომ არ მიეღო ეს კანონმდებლობა.

მიუხედავად სასულიერო პირების და ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკოსის მწვავე წინააღმდეგობისა 29 აპრილს გამართულ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე, დეპუტატებმა თანხმობა მისცეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანას.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა ოთხშაბათს, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის სხდომაზე სავარაუდოდ მიმდინარე კვირას იქნება განხილული; ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ძველი შენობის წინ ათობით ადამიანი შეიკრიბა და მართლმადიდებლური ჯგუფების ანალოგიური აქცია გაიმართა იმავე დღეს ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეკავა ბანერები წარწერით: „მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“ და „ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება“.