საპატრიარქო: არასწორია აზრი თითქოს შეცვლილი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მისაღები გახდა ეკლესიისთვის
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ „არასწორია“ გავრცელებული აზრი თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მისაღები გახდა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტი, მეორე მოსმენის წინ მასში შესული ცვლილებების შემდეგ.
„კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის წინ გაავრცელა, რაც 2 მაისს დღის მეორე ნახევარში იგეგმება პარლამენტში.
„საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს“, – აცხადებს საპატრიარქო, რომელიც ძლიერ წინააღმდეგობას აფიქსირებდა კანონპროექტის მიმართ.
მართალია პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა დეპუტატებმა უარი თქვეს დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალიდან „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების ამოღებაზე, როგორც ამას საქართველოს საპატრიარქო ითხოვდა.
თუმცა სასულიერო პირებთან ქართული ოცნების დეპუტატების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 1 მაისს მას შემდეგ შედგა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის თანაგუნდელებს კანონპროექტის ირგვლივ მეტი ახსნა-განმარტებებისკენ მოუწოდა, სხვა ცვლილებებთან ერთად მეორე მოსმენისთვის ტექსტში გაჩნდა ფორმულირება „საზოგადოებრივი ზნეობა“.
„ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.