ნატოს სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა 1 მაისს, რომ „საქართველო განაგრძობს გაუმჯობესებას“ და ალიანსი ახლა „შემდგომ ნაბიჯებს“ განიხილავს, რათა ქვეყანა „კიდევ უფრო დაუახლოვოს“ ნატოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის და სექტემბრის დასაწყისში უელსში დაგეგმილი სამიტის წინ, ალიანი ახლა ასპირანტი ქვეყნების მიღწეულ პროგრესს აფასებს.

„შემიძლია გითხრათ, რომ საერთო ჯამში ეს შეფასება ნატოში პოზიტიურია. წლიდან წლამდე საქართველო განაგრძობს გაუმჯობესებას და ეს იმ გულმოდგინე მუშაობის შედეგია, რომელიც ქვეყანამ გასწია“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, „რასაც რუსეთი ამბობს ან აკეთებს არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე“ ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ თანმიმდევრულად შევაფასეთ საქართველოს პროგრესი ორ რამეზე დაყრდნობით – ესაა რეფორმები და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და ეს იქნება ის პრიზმა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევხედავთ ამ პროცესს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ საქართველოს შევაფასებთ მისი დამსახურებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება სხვაგან და მიუხედავად კომენტარებისა კრემლიდან ან რომელიმე სხვა ადგილიდან“, – განაცხადა მან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება „შემდეგი ნაბიჯი“, რომელიც, როგორც აპატურაიმ განაცხადა,  კიდევ უფრო დაუახლოვებს საქართველოს ალიანსს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 30 აპრილს, რომ უკრაინის კრიზისის პასუხად, ნატო საქართველოს წევრად მიღების საკითხს უნდა განიხილავდეს,  მაგრამ ეს ასე არ ხდება, სანაცვლოდ კი, ყურადღება გადატანილია დისკუსიებზე წევრობის სამოქმედო გეგმასთან  (MAP) დაკავშირებით და ჯერ ესეც კი არ არის გადაწყვეტილი.