საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში დარჩა.
კვლევაში „პრესის თავისუფლება 2014“, რომელიც 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა და 197 ქვეყანას ფარავს, საქართველოს 93–ე ადგილი უკავია, რომელსაც ის ლესოტოსთან იყოფს. წინა ანალოგიურ კვლევაში საქართველოს 96–ე ადგილი ეკავა.
კვლევა თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან ”თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე – ”ნაწილობრივ თავისუფალში”; 61-დან 100-მდე – ”არათავისუფალში”.
ახალ კვლევაში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა და 47 ქულა შეადგინა, ნაცვლად წინა კვლევაში დაფიქსირებული 49 ქულისა.
Freedom House-მა საქართველოს მაჩვენებელში „მცირედი გაუმჯობესება“ დაუკავშირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც „დააკანონა must carry/must offer–ს რეგულაციები, რომელიც საკაბელო ოპერატორებს ყველა სატელევიზიო არხის გაშვებას სთხოვს, და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინების ან ძალადობის თვალსაზრისით ინციდენტების შედარებით ნაკლებ რაოდენობას, რაც შესამჩნევი იყო საარჩევნო წლის განმავლობაში“.