ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია

1 მაისს პარლამენტმა 112 ხმით 0-ის წინააღმდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

მართალია პირველი მოსმენით მისი მიღების შემდეგ კანონპროექტის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა დეპუტატებმა უარი თქვეს, რომ დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალიდან „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინები ამოეღოთ, როგორც ამას საქართველოს საპატრიარქო ითხოვდა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე უარი განაცხადა იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ითხოვდნენ ეფექტური განხორციელების მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით.

პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას წინ უძღოდა ქართული ოცნების ორი დეპუტატის – მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას ორსაათიანი შეხვედრა რამდენიმე სასულიერო პირთან; იმავდროულად, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ მართლმადიდებელი ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავდა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი „მომაკვდინებელი ცოდვის ლეგალიზაციად“ აფასებდნენ. დეპუტატების თქმით, შეხვედრის მიზანი იყო აეხსნათ სასულიერო პირებისთვის, რომ კანონპროექტი არ გულისხმობდა „მამათმავლობის პროპაგანდას“.

შეხვედრის შემდეგ კანონპროექტში ჩაიდო ფორმულირება „საზოგადოებრივი ზნეობა“. კანონპროექტის მე–2 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამ ნაწილში ცვლილება შევიდა და მას დაემატა, რომ ეს არ ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება „საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს“. „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფა“ დანაშაულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუმცა ის არ განმარტავს, თუ ზუსტად რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ზნეობა“.

განხილვის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომელმაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტში „საზოგადოებრივი ზნეობის“ შეტანას.

დანარჩენი ცვლილებების თანახმად, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამ კანონმდებლობის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე „ყველა სფეროში“, თუმცა ის აღარ აკონკრეტებს ამ სფეროების ჩამონათვალს.

კანონპროექტი აღარ შეიცავს პუნქტს, სადაც ასევე დისკრიმინაციად ითვლებოდა „მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა“ პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის დისკრიმინაციის საფუძველზე. იმ მოტივით, რომ ფორმულირება ბუნდოვანი იყო, ქართული ოცნების დეპუტატებმა ამოიღეს ის კანონპროექტიდან „ორმაგი ინტერპრეტაციის“ თავიდან აცილების მიზნით.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ჩააგდეს ცვლილების ალტერნატიული ვარიანტი, რომლის ავტორებიც უფლებადამცველი ორგანიზაციები იყვნენ და რომლის ფორმალური ინიცირებაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მოახდინა. უფლებადამცველი ორგანიზაციები დაჟინებით ითხოვდნენ განხორციელების ეფექტური მექანიზმების შემოღებას, ასევე ფინანსურ ჯარიმებს იმ პირებისთვის, რომლებიც დისკრიმინაციის შემთხვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

პარლამენტში კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღება დღეს იგეგმება.