საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული ცვლილებები მიღებულია

პარლამენტმა 2 მაისს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე და ახალ ფორმატში მუშაობის გაგრძელების შეთავაზებით, საბჭოს ახალ წევრებს საშუალებას აძლევს შეუდგეს თავის საქმიანობას.

იმავდროულად, ახალ 9-წევრიან საბჭოში, რომლის შვიდი წევრიც ორი კონკურსის შედეგად იქნა არჩეული, ორი ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა.  

2 მაისს გამართული კენჭისყრის მეორე ტურის დროს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის (32 მომხრე 27 წინააღმდეგი) კანდიდატურა – ეს მისთვის მეურვის თანამდებობის დაკავების მეოთხე უშედეგო მცდელობა იყო.

კიდევ ერთი კანდიდატი დავით კიზირია, რომელმაც პირველ ტურში არასაკმარისი ხმები მიიღო,  საერთოდ მოიხსნა კენჭისყრიდან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კიზირიას მხარდაჭერა, რომლის წარმდგენთა უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, წერილობითი ფორმით უკან გამოითხოვა დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა.

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს ძველი შვიდკაციანი შემადგენლობა, რომლებიც მეურვეებად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით აირჩიეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურაში დროებითი ორგანოს – მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას ისე, რომ არ ექნება გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა შეიძენს სარეკომენდაციო ფუნქციებს მაუწყებლის მართვის მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მონიტორინგის საბჭო ფუნქციონირებას სავარაუდოდ 2017 წლისთვის, მისი ბოლო წევრის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე შეწყვეტს, მეორე მოსმენის დროს შესწორებული დებულებების თანახმად.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების დეპუტატებმა მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო დებულება, რომლის საფუძველზეც ძველი წესით არჩეულ მეურვეებს ახალი საბჭოს დაკომპლექტებისთანავე უნდა შეწყვეტოდათ ვადაზე ადრე უფლებამოსილება.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც გააკრიტიკა შემოთავაზებული კანონპროექტი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო, ალტერნატივის სახის შესთავაზა ძველი საბჭოს თავის ფუნქციებში დატოვება და ახალი წევრებით მისი ეტაპობრივად შევსება. თუმცა ეს ალტერნატივა პარლამენტმა ჩააგდო.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ახალი  საბჭო შვიდი წევრის შემადგენლობით ფუნქციონირების დაწყებას შეძლებს, ხოლო დარჩენილი ორი ვაკანსიის შესავსებად, სავარაუდოდ, ახალი კონკურსი გამოცხადდება.