ქართულმა ოცნებამ იმერეთის რეგიონში გამგებლების კანდიდატები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში საარჩევნო კამპანიის აქციაზე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების გამგებლების კანდიდატები წარადგინა და 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ქუთაისის მერობის კანდიდატთან შოთა მურღულიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში გამგებლობისთვის იბრძოლებენ:

  • სამტრედია – ვალერი ფოცხვერია, ქართული ოცნების სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • ხონი – ჯემალ მებუკე, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ხონიდან;
  • ვანი – ზაზა ხურციძე,  სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • ბაღდათი  – ირაკლი გეგეშიძე, ბიზნესმენი;
  • წყალტუბო – კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს გამგებელი;
  • ჭიათურა  -სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი;
  • ზესტაფონი – ტარიელ თუთარაშვილი, ზესტაფონის გამგებელი;
  • თერჯოლა  – თემურ ჯაფარიძე, ინჟინერი; 
  • ტყიბული – რობინზონ გვენეტაძე,  ქართული ოცნების ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი;
  • საჩხერე -მალხაზ ბაზაძე, საქართველოს ბანკის საჩხერის ფილიალის ყოფილი უფროსი. 

„ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში, რომლის დასაწყისშიც მადლობა გადაუხადა „ჩვენს დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს“.

აქციაზე სიტყვით გამოსვლაში, რომელიც ღია ცის ქვეშ შეკრებილმა აქტივისტებმა რამდენჯერმე გააწყვეტინეს კოალიციის მხარდამჭერი შეძახილებით, მან განაცხადა, რომ  ადგილობრივი არჩევნები, რომელზეც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩევა, „გვაძლევს შანსს, ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული ქვეყნების რიგში“.

„რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენი მთავრობის წარმატების საზომი იქნება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა“.

ერთი კვირის წინ საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნის შემდეგ, იმერეთის რეგიონი პირველია, სადაც პრემიერმა თავისი წინასაარჩევნო ტურნე მოაწყო.