თბილისი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების სამიტს უმასპინძლებს
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტები 6 მაისს თბილისში სამმხრივ სამიტზე შეიკრიბებიან, რომელზეც „ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ“, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტები „მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ“.
თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული თბილისში დღეს შუადღისთვის ჩამოვა; ორმხრივი შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან 7 მაისს არის დაგეგმილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში სამშაბათს დილით ჩამოვა; სამიტში მონაწილეობის შემდეგ იგი თავის ქართველ კოლეგას და ასევე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება; სამშაბათს საღამოს კი თბილისს დატოვებს.
სამმხრივი სამიტი წლის დასაწყისში მარგველაშვილის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტების დროს დაიგეგმა.