თბილისი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მაღალი დონის სამიტს მასპინძლობს

თბილისი 6 მაისს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევის, გიორგი მარგველაშვილისა და აბდულა გიულის მონაწილეობით სამიტს მასპინძლობს.

სამიტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამშაბათს დილით, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი ორშაბათს დღისით ჩამოვიდა. 

პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ სამიტზე რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები განიხილება.   

თბილისში გამომგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა გიულმა განაცხადა, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია და რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს  საქართველოს გავლით დაუკავშირებს, და ასევე ტრანს–ანატოლიის გაზსადენის დაგეგმილ პროექტს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს და ის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. 

მისი თქმით, მაღალი დონის სამმხრივი სამიტის დროს ასევე იქნება განხილული სხვა „რეგიონალური და გლობალური“ საკითხები.

ასევე დაგეგმილია ეკონომიკური ფორუმი ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით; ფორუმზე სიტყვით თურქეთის პრეზიდენტი გამოვა.

პრეზიდენტმა გიულმა ასევე განაცხადა, რომ სამიტი იქნება პრეზიდენტების დონეზე თანამშრომლობის ახალი ფორმატის დასაწყისი; მანამდე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართებოდა შეხვედრები.

ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2014 წლის თებერვალში განჯაში გაიმართა, რომელიც მესამე სამმხრივი შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 2012 წლის შემდეგ, როდესაც ტრაბზონში ამ ფორმატს ჩაეყარა საფუძველი. მეორე შეხვედრა ბათუმში 2013 წლის მარტში გაიმართა.

თბილისში თურქეთის პრეზიდენტი 7 მაისს ვიზიტის დასრულებამდე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს ხელმძღვანელობასთან.

პრეზიდენტ გიულს თან ახლავს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრი ლიუტფი ელვანი; შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი ფარუკ ჩელიკი, საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი.

პრეზიდენტმა გიულმა განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების „ყველა ასპექტი“  იქნება განხილული.

ორშაბათს საღამოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მისმა თურქმა კოლეგამ რუსთაველის გამზირზე ფეხით გაისეირნეს.