საქართველოს პატრიარქი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ „უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა“ და ეს პოზიცია რომ არ გამოეხატა მას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ, „ის იქნებოდა გასაკვირი“. 

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც კანონად მას შემდეგ იქცევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, 2 მაისს დაამტკიცა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის ფონზე.

„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საერთოდ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდა.  საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. როგორც შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება  ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი, რომ არ მეთქვა. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა“, – განაცხადა ილია მეორემ 6 მაისს  გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

„არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს“, – განაგრძო მან, „და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს“.