ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვას დამატებით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკომისიამ განაცხადა 6 მაისს, რომ საქართველოს და მოლდოვას თითოეულს 30 მილიონი ევროს ოდენობის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს, რათა დაეხმაროს მათ ასოცირების შესახებ შეთანხმებების „სარგებელი და შესაძლებლობები გამოიყენონ“.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველოსთვის გამიზნული დაფინანსება მიმართულია „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, აგრარული ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე და ევროკავშირთან სავაჭრო შესაძლებლობებზე, ასევე უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე“.
„საქართველო და მოლდოვას რესპუბლიკა ნამდვილად მზად არიან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიოს საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ, "ასოცირების შესახებ შეთანხმებები ამ წინსვლას შესაძლებელს გახდის და ევროპულ ბაზართან უფრო ძლიერი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობას გახსნის. და ჩვენი დახმარება ამ პროცესის თანმდევი იქნება“.
ეს დაფინანსება „მეტი მეტისთვის“ პრინციპის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მეტ პროგრესს აღწევენ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.