უსუფაშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ‘უფრო სწრაფი’ ინტეგრაციისკენ მოუწოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 6 მაისს პარიზში, რომ „უფრო სწრაფი“ ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში საუკეთესო საშუალებაა საქართველოსთვის, რათა დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.
პარიზში 6 მაისს Académie Diplomatique Internationale–ში გამოსვლისას უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ზოგჯერ „ევროპელი მეგობრები“ სვამენ კითხვას, არის თუ არა საქართველოსთვის ნატოს წევრობა საუკეთესო ვარიანტი, რადგანაც ეს „მეტისმეტად აღიზიანებს რუსეთს“ და საქართველოს მიმართ მოსკოვის აგრესიულ პოზიციას იწვევს.
„მაგრამ ჩვენ ანალიზს განსხვავებულ დასკვნამდე მივყავართ – ეს სწორედაც რომ პირიქითაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, რადგანაც ეს ერთდაერთი შესაძლო ინსტრუმენტია ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ის არ გახდეს იმპერიის ან საბაჟო კავშირის ან რაც არ უნდა ერქვას იმის ნაწილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მართალია ნატოში ინტეგრაცია უკრაინის მიზანი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთი მაინც შევიდა, რათა შეეჩერებინა თუნდაც უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან.
„ჩვენთვის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს კიდევ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“, – განაცხადა მან.
უსუფაშვილის ვიზიტი პარიზში ერთი კვირით უსწრებს წინ საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მისი ტურნეს ფარგლებში. პარიზში უსუფაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კლოდ ბარტოლონთან და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს სენატის თავმჯდომარესთან ჟან-პიერ ბელთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ნატოს წევრებს შორის გაიზარდა „გაურკვევლობა“ იმასთან დაკავშირებით, “თუ როგორ მოიქცნენ იმ დაპირებასთან დაკავშირებით“, რომელიც მათ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გასცეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს „გაურკვევლობა“ სამუდამოდ არ უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ აქ ჩამოვედით გზავნილით, რომ საქართველო არის და დარჩება დემოკრატიული სამყაროს სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი… ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მოქნილები, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მომთმენები; ერთადერთი ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, თუ დემოკრატიული სამყარო დაივიწყებს საქართველოს, როგორც ეს სამწუხაროდ 1921 წელს მოხდა [როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ დაიპყრო]“, – განაცხადა მან.