აბდულა გიული: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ანკარა „ძლიერ მხახარდაჭერას“ უცხადებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებას.
„ასე იყო და ასე იქნება თურქეთის მხრიდან მომავალში“, – განაცხადა გიულმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ოთხშაბათს პრეზიდენტ მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იმის მანიშნებელია, თუ „როგორ ვენდობით ჩვენ ერთმანეთს“.
„ამ ერთობას, ამ თანხმობას, ამ კეთილმეზობლობას ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, სახელმწიფოსთან, რომელსაც გააჩნია სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ნატოს წევრია, რომელსაც გააჩნია ჩვენთან უაღრესად კეთილმეზობლური ურთიერთობა, საქართველოს სახელმწიფო უყურებს იმედით, ინტერესით და მომავალში ხედვით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
იგი ასევე მიესალმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ თურქეთის მხარდაჭერას და ასევე იმ „ნათელ, მკაფიო და სწორ პოზიციას“, რომელიც ანკარას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების კუთხით გააჩნია.
„ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე რელიგიური ჯგუფების, მათი ინტერესების დაცვის საკითხს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესები ერთიანად და ერთი სტანდარტით არის დაცული და იქნება მომავალში დაცული საქართველოში და თურქეთში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოში ვიზიტის დასასრულს, რომლის ფარგლებშიც 6 მაისს თურქეთის პრეზიდეტმა თავის ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სამმხრივ სამიტში და საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა, აბდულა გიულს სამუშაო სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.