სოხუმი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ოთხშაბათს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უკიდურესად ნეგატიურ შედეგებს მოუტანს რეგიონალურ უსაფრთხოებას.
სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის ვიზიტი თბილისში რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი, მათ შორის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს უელსის სამიტის კონტექსტში. ჰეიგი თბილისში უკრაინიდან ოთხშაბათს საღამოს ჩამოფრინდა და ის 8 მაისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განსახილველი საკითხები „ჩვენს შეშფოთებას“ იწვევს, რადგანაც ისინი პირდაპირ უკავშირდება „აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს და პირველ რიგში, მის უსაფრთხოებას“.
„ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რათა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთმა სერიოზულად გადაწყვიტა რუსეთზე და მის მოკავშირეებზე შური იძიოს იმის გამო, რომ არ არიან მზად შეეგუონ მის დიქტატს უკრაინაში“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ.
„გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთიც შესაძლოა მალე გახდეს დასავლური ქვეყნების სამიზნე. სიტუაციის ამგვარი განვითარება ხელს მისცემდა რევანშისტულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ვერ ეგუებიან დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის არსებობას და "სოხუმის დაბრუნების" იმედს არ კარგავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს ნატოს პერსპექტივები განხილულ უნდა იქნას ევროპაში ნატოს უმაღლესი სამხედრო მეთაურის, აშშ–ის საჰაერო ძალების გენერლის ფიპილ ბრიდლავის განცხადების კონტექსტში, რომელმაც განაცხადა 6 მაისს, რომ ნატომ უნდა განიხილოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ალიანსის ძალების მუდმივი განთავსების საკითხი.
„გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი „ცხელი თავები“ თბილისში მოხარულები იქნებიან გამოიყენონ ეს სიტუაცია, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსებას მიაღწიონ. რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ამას უკიდურესად ნეგატიური შედეგები ექნება“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში სოხუმი შეეცდება კიდევ უფრო გააღრმავოს სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან, რომელსაც უკვე ჰყავს სულ ცოტა 3 500 სამხედრო და ამას გარდა, სასაზღვრო ძალები აფხაზეთში.
რუსეთმა განაცხადა 6 მაისს, რომ წლევანდელი ზაფხულის ბოლომდე ის 80–ზე მეტ უახლესი მოდელის ჯავშანტრანსპორტიორს განათავსებს თავის სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში.