აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა



აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი და მისი ქართველი კოლეგა ირაკლი ალასანია პენტაგონში ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე, 7 მაისი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას 7 მაისს პენტაგონში შეხვდა.

„მდივანმა ჰაეიგელმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ალასანიას ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთოხების ძალებში შეტანილი წვლილისთვის და მოუწოდა საქართველოს განაგრძოს პროგრესი, რომელსაც მან თავდაცვის რეფორმების და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიაღწია“, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე კრიზისი. მათ მიმოიხილეს მოკავშირეების და რეგიონში პარტნიორების მცდელობები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ვალდებულებების გაძლიერებისკენ და მოსკოვის მიმართ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გაგრძელებისკენ“.

„მდივანმა ჰეიგელმა დაადასტურა საქართველოსთან აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა და თავდაცვის სფეროში ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას დაპირდა“, – განაცხადა პენტაგონმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრა  იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა და თავად საქართველომ. მე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით და ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მყარდება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ. 

ეს მათი მეორე შეხვედრა იყო პენტაგონში; პირველად აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს 2013 წლის აგვისტოში შეხვდნენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)