აფხაზეთის ლიდერი საავადმყოფოდან გაწერეს

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი 7 მაისს საავადმყოფოდან გაწერეს მას შემდეგ, რაც წინა დღეს მაღალი წნევის გამო მოათავსეს იქ, იტყობინება „აფსნიპრესი“.

„აფსნიპრესი“ იტყობინება აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით, რომ ანქვაბს 6 მაისს პარტია "ამცახარას" მხარდამჭერებთან ხანგრძლივ შეხვედრაზე „ჰიპერტონიული კრიზი“ დაემართა.

ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანქვაბი მას შემდეგ გაწერეს საავადმყოფოდან, რაც მისი მდგომარეობა „დასტაბილურდა“.

ანქვაბის მხარდამჭერი პარტიის, "ამცახარას" ლიდერებთან და წევრებთან შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერი განიხილავდა ოპოზიციის მოწოდებებს მთავრობის დათხოვნისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თაობაზე. 

საკოორდინაციო საბჭოს სახელით ცნობილმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომელიც ოთხ პოლიტიკურ პარტიას და შვიდ საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, გასულ თვეში რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, როგორც მათ განაცხადეს, აფხაზეთში „სისტემური კრიზისის“ მოგვარების მიზნით.

ამ მოთხოვნებს შორისაა: პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და მთელი კაბინეტის, ასევე გენერალური პროკურორის  დათხოვნა; საკოორდინაციო საბჭოს მიერ შერჩეული ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნა; ახლად არჩეული პრემიერ–მინისტრი შეარჩევს მთავრობის წევრებს, რომელთაც შემდეგ პრეზიდენტი დაამტკიცებს; ერთი თვის ვადაში საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავება პარლამენტის და პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების მიზნით. საკოორდინაციო საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონების ხელმძღვანელები.

ჯგუფმა გააფრთხილა, რომ ის „საყოველთაო შეკრებას“ მოიწვევს და ანქვაბის გადადგომას მოითხოვს, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.    

29 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ანქვაბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერი მზად არის „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, მაგრამ „ამგვარი მოთხოვნების წამოყენება ულტიმატუმის ფორმით მიუღებელი და არაპროდუქტიულია“.

პარტია "ამცახარამ" აღნიშნა 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნები ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლის მცდელობის ტოლფასია. მისივე თქმით, ოპოზიცია წარმოადგენს მხოლოდ „ვიწრო წრეს“ ხალხისა, რომელსაც არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი ფიგურაა დეპუტატი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციური პარტია აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერი. 2011 წლის არჩევნები ანქვაბმა მოიგო ხმების დაახლოებით 55%, ხოლო ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით.

"ამცახარამ" ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას იმიტომ სურს გენერალური პროკურორის გათავისუფლება, რომ ის მტკიცედ მიყვება საქმეს იმ ცხრა ადამიანის წინააღმდეგ, რომელთაც ანქვაბის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად.   

„ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს, რომ მას არ სურს და არ შეუძლია მოაგვაროს რთული საკითხები დიალოგისა და კონსენსუსის გზით; მათ აჩვენეს თავიანთი ნამდვილი მიზნები – დესტაბილიზაციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა "ამცახარამ".