ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრა გამართა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 8 მაისს თბილისში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მისმა ლიდერებმა უთხრეს მხარდამჭერებს, რომ პარტია არის „გამოცდილი, ენერგიული, განახლებული და რეფორმირებული“.
„ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიბრძოლოთ ყველაზე ღირსეული შედეგისთვის; უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები იყო გამოფენილი და რომელიც ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც შეხვედრის პირველი გამომსვლელი იყო, განაცხადა, რომ სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ გაუკვალა გზა საქართველოს ევროპისკენ. ის ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიესალმა და განაცხადა, რომ ის ამჟამად უკრაინაში საქართველოს პოზიციებს აძლიერებს.
ნაციონალური მოძრაობის კამპანიის აქცენტები ძირითადად იმ გზავნილების გარშემო კეთდება, რომ კოალიცია ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა უმოქმედო გახდა, შეჩერდა ინფრასტრუქტურლი პროექტები და ეკონომიკა „სტაგნაციას“ განიცდის, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანას ისევ აამუშავებს.
„ქართული ოცნების ერთადერთი ალტერნატივა არის ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრაზე.
თავის გამოსვლაში დავით ბაქრაძემ მოუწოდა ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი დაწიოს 15%-მდე, გააუქმოს საწვავზე აქციზი, 5-წლიანი მორატორიუმი შემოიღოს ახალი ეკონომიკური რეგულაციების შექმნაზე.
„თუ ხელისუფლება ამ გეგმას არ მიიღებს, ამ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენ მაშინ, როდესაც მოვიგებთ არჩევნებს და დავბრუნდებით ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს სახელმწიფოს შენების და ასევე შეცდომებზე სწავლის გამოცდილება.
თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, განაცხადა შეხვედრაზე, რომ „კრიმინალი შეეზარდა მთავრობას“. მისი თქმით, მთავრობას „კაპიტულანტური რიტორიკა“ აქვს რუსეთის მიმართ და მას არ შესწევს უნარი „დაიცვას ხალხი“.
„ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და არა [ხელისუფლებაში] დაბრუნებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ხალხისთვის და არა შურისძიებისთვის… ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ წარსულში დაბრუნება და შურისძიება“, – განაცხადა უგულავამ. „აქ, საჯაროდ დავდოთ პირობა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაუშვებს ქვეყანაში შურისძიებას და ანგარიშწორებას, მხოლოდ ასეთ გამარჯვებას ექნება ფასი, მხოლოდ ასეთი გამარჯვებისთვის ვიბრძვით ჩვენ“.
ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა შეხვედრაზე, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
„ჩვენ დავასრულებთ უძრაობას, ჩვენ დავასრულებთ უიმედობას… ჩვენ გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მელიამ შეხვედრაზე, „ეს იქნება არჩევნები, სადაც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს რაციონალურ, პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან შეუძლებელია ზედიზედ მესამე არჩევნებში მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთა“.