მარგველაშვილი აცხადებს, რომ რეიტინგის დაცემა არ გაუკვირდა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა 9 მაისს, რომ მისი რეიტინგის დაცემა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ის საჯაროდ გააკრიტიკა.

აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწონების რეიტინგი ნოემბერში არსებული 72%–დან აპრილში 46%–მდე შემცირდა.

„აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ჩემი რეიტინგის დაცემა“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გვირგვინით შეამკო.    

„მე აქამდეც არა ერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დიდი წვლილი იმ წარმატებაში, რომელიც მე 62%–ის სახით დამიფიქსირდა [2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე]. ბუნებრივია, რომ ბიძინას კრიტიკის შემდეგ, ის ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ბიძინას გამო, მათ დააფიქსირეს საწინააღმდეგო პოზიცია; ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივია და მისაღებიცაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

იგივე კვლევის თანახმად, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა, რესპონდენტების 40%–მა არ მოიწონა ივანიშვილის მიერ მარტში მარგველაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა; 35%–მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 24%–მა განაცხადა, რომ არ იცის.