ალასანია: ქართულ ოცნების ზოგიერთ წევრს ‘შეიძლება ბოლომდე არ აქვს გააზრებული’ საფრთხეები
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 9 მაისს, რომ კოალიცია ქართულ ოცნების გუნდის ზოგიერთ წევრს „შეიძლება ბოლომდე არ აქვს გააზრებული“ ის საფრთხე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს ემუქრება.
ალასანია, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების წევრი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელია, ეს განცხადება იმ პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა და კოალიციის წევრმა გამოთქვეს, რომელთა თქმითაც, ალასანიას პირველ რიგში პრეზიდენტთან და მთავრობასთან უნდა გაევლო კონსულტაცია, სანამ საქართველოში ნატოს „თავდაცვითი შეიარაღების“ განთავსებისკენ მოუწოდებდა.
ალასანიამ განაცხადა ვაშინგტონში 30 აპრილს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განალაგოს. ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას ალასანიამ განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებები – „ეს არის ის, რისი განთავსებაც ჩვენ საქართველოში გვჭირდება და რუსები მიხვდებიან, რომ თქვენ არ ხუმრობთ“.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა 8 მაისს, რომ „შეიძლება ცოტა ნაჩქარევიც იყო მაღალ ტრიბუნაზე ამის თქმა იმიტომ, რომ ის, რაც იდეის დონეზე განიხილება, ასე საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს“.
„შესაძლოა იქ კონკრეტულ სიტუაციაში, მსჯელობის და დისკუსიის პროცესში გაჩნდა ამის თქმის გარკვეული წინაპირობა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ ასეთი განცხადების გაკეთებისას“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ 8 მაისს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა 9 მაისს, რომ ასეთი საკითხები პირველ რიგში ეროვნული უშიშროების საბჭოზე უნდა იქნას განხილული და იქიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს მსგავსი განცხადებები.
მარგველაშვილის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ირინე იმერლიშვილმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, განაცხადა 9 მაისს, რომ მართალია ის ეთანხმება იმას, რაც ალასანიამ თქვა, მაგრამ ფიქრობს, რომ თავდაცვის მინისტრს ეს პრეზიდენტთან – ქვეყნის მთავარსარდალთან უნდა შეეთანხმებინა, სანამ საჯაროდ ისაუბრებდა ამის შესახებ. „ეროვნული უშიშროების საბჭოზეც უნდა დგებოდეს ასეთი საკითხები“, – განაცხადა იმერლიშვილმა.
მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული, უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, არ გამართულა; ის ფაქტიურად უშიშროების და კრიზისების მართვის საბჭომ ჩაანაცვლა, რომელიც შარშან ჩამოყალიბდა და რომელსაც პრემიერ–მინისტრი თავმჯდომარეობს.
ალასანიამ, რომელიც 9 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა, განაცხადა, რომ მისთვის „აბსოლუტურად ლოგიკური“ იყო, რომ საქართველოში ნატოს თავდაცვითი შეიარაღების განთავსებისკენ მოეწოდებინა მაშინ, როცა განიხილავდნენ დასავლეთის რეაქციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე.
„როგორც თავდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, ვითხოვ შეიარაღებას“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ეს ბიუჯეტის შესაძლებლობების მიხედვით „ეტაპობრივად“ უნდა გაკეთდეს, „მე, ბუნებრივია, ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას ჩვენი ჯაზ გუნდებისთვის. ეს არის ჩემი საქმე, რომ თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ“.
„შეიძლება ჩვენს ზოგიერთ გუნდის წევრსაც ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას ევროპა, მათ შორის საქართველო“, – დასძინა ალასანიამ.
მან ასევე განაცხადა: „ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტად პარლამენტშიც, მთავრობაშიც ყველას ავუხსნათ, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის ისეთი შეიარაღება, რომელიც აუცილებლად იმისათვის, რომ ჩვენი ცა იყოს დაცული“.