საქართველოს პატრიარქი 17 მაისს ‘ოჯახის დღის’ აღნიშვნისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველომ ყოველწლიურად „ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის“ დღე უნდა აღნიშნოს 17 მაისს – ეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

გასული წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მოწყობის მცდელობა ძალადობრივად ჩაშალა ათასობით კონტრაქციის მონაწილემ, რომელთაც სასულიერო პირები ლიდერობდნენ.

ლგბტ უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ წელს არანაირ ქუჩის აქციას არ გეგმავენ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ „უკვე მრავალი წელიწადია“ ეკლესია ფიქრობს, თუ „როგორც ვილოცოთ, როგორც გადავუხადოთ მადლიერება ჩვენ მშობლებს“.

„და ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი განჩინება, რომ ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის და მოხსნების დღე“, – განაცხადა ილია მეორემ.

„ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს… და უნდა აღვავლინოთ ლოცვები“, – განაგრძო მან, „სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ ამ დღეს, დღის 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისი ტაძარში და ნაკურთხი წყლით ასხურონ თავისი სანთლები, თავისი ოჯახები, ქუჩები და ტაძრები. ასევე, ეძლევა ლოცვა-კურთხევა ერის ადამიანებს, რომ ასხურონ ნაკურთხი წყალი თავის ოჯახს და თავისთავს“.

„პირველი ასეთი დღესასწაული მშობლების იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, თქვენ თვითონ იგრძნობთ, როგორც გაძლიერდება თქვენი  სული, თქვენი გონება, თქვენი სხეული, როგორ გაძლიერდება საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.