ღარიბაშვილი: ‘წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის გამო საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა აგვისტოს ომში’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში  წინა ხელისუფლების „გაუაზრებელი და უგუნური“ პოლიტიკის შედეგად „აღმოჩნდა ჩათრეული“.

გორში წინასაარჩევნო კამპანიის აქციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, მიმართა მხარდამჭერებს შიდა ქართლიდან: „სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რომელსაც ქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა“.

„ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული,  ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვცდილობთ გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები და საბოლოოდ მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი 12 მაისს შიდა ქართლში სტუმრობის ფარგლებში ასევე ეწვია გორში შეაირაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 51-ე ბატალიონს, სადაც მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ.

როცა თავდაცვის მინისტრს  7 მაისს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში ჰკითხეს დახურული არის თუ არა საქართველოს მთავრობისთვის თემა „ვინ დაიწყო ომი“, ირაკლი ალასანიამ უპასუხა: „ვინ დაიწყო ომი ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების. წერტილი“.