ჯონჯოლის შეგროვებისას დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

2 მაისის შემდეგ საქართველოს 26 მოქალაქე იქნა ხუთ ცალკეულ შემთხვევაში დაკავებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, როგორც ცხინვალი და ე.წ. რუსი მესაზღვრეები აცხადებენ  „საზღვრის დარღვევის“ მოტივით, იტყობინება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

დაკავებულთა უმეტესობა საჩხერის რაიონის მკვიდრია, რომლებიც ჯონჯოლის შეგროვების დროს დაიჭირეს.

ადგილობრივების დაკავება, რასაც ძირითადად ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთით აქვს ადგილი, იშვიათი მოვლენა არ არის. თუმცა, როგორც წესი, ეს დაკავებები ჯონჯოლის სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება.

მაშინ როცა 26 დაკავებულიდან თერთმეტი უკვე გაათავისუფლეს, საქართველოს 15 მოქალაქე კვლავ დაკავებული რჩება.

„საზღვრის დარღვევის“ მოტივით დაკავებულებს მას შემდეგ ათავისუფლებენ, რაც ცხინვალის სასამართლო მათ 2 000 რუბლით აჯარიმებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში დაკავებულთა „სწრაფი გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მცხოვრები ბევრი ოჯახისთვის ჯონჯოლის შეგროვება შემოსავლის მთავარ წყაროს წამოადგენს“, – განაცხადა მისიამ 12 მაისს გავრცელებულ განცხადებაში და ამ ვითარების მხედველობაში მიღებით მოუწოდა ყველა მხარეს გაგებით მოეკიდონ ადგილობრივებს, რომლებსაც შეიძლება გზა აერიოთ ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ.