საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 13 მაისს თბილისში ჩამოვიდა, რითაც დაასრულებს სამდღიან სამხრეთ კავკასიურ ტურნეს, რომლის ფარგლებში ის აზერბაიჯანს და სომხეთსაც სტუმრობდა.

პრეზიდენტი ოლანდი იმ შვიდი საათის განმავლობაში, რომელსაც თბილისში დაჰყოფს, თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება და სიტყვით მიმართავს ქართულ-ფრანგულ ეკონომიკურ ფორუმს.

სომხეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რეგიონში მისი სტუმრობა „არავის წინააღმდეგ არ არის გამიზნული“.

„ჩვენი მიზანია ევროპასა და დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ისევე როგორც რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემები იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ოლანდს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ჰააგაში 24 მარტს შეხვდა; საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები კი ერთმანეთს ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ვილნიუსში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარიზს გასულ კვირას სტუმრობდა, სადაც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს „სწრაფი“ ინტეგრაციისკენ მოუწოდა.