საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ივნისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვროკავშირის სამხედრო მისიას შეუერთდებიან. პრეზიდენტი ოლანდი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს მისიაში, რომელშიც საფრანგეთს წამყვანი როლი აქვს. ფოტო: საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც თბილისს 13 მაისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის დემონსტრირება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არის „ღრმა“ და ამ ურთიერთობების განვითარება „ახალ იმპულსს შეიძენს ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის შემდეგ“.

მან მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს იმ პოზიციის გამო, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოსთვის ისეთ „უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, როგორიცაა „ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარება, ინტეგრაცია ევროპაში და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა“.

საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა „ძალიან სერიოზული“ მხარდაჭერა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს საქართველოს ფრანგმა „მეგობრებმა“ გაუწიეს, რის შედეგადაც „საქართველო  შენარჩუნდა, როგორც ქვეყანა“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ“ 2008 წელს საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული.

„ის ვითარება, რაც 2014 წელს გათამაშდა უკრაინაში არის გამეორება იმ პოლიტიკის, რომელიც 2008 წელს  დაიწყო ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „პრივილეგირებული ინტერესების სფეროები – ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს  და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ პროცესის. ჩვენ გვჯერა და ვდგევართ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება და არ გაღრმავდება“.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები მიესალმნენ ივნისში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დაგეგმილ ხელმოწერას, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ახალ შესაძლებლობას.

პრეზიდენტებმა ასევე კმაყოფილება გამოთქვეს სამხედრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების გამო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ურთიერთობების „ინტენსიფიკაცია“ ეფუძნება „იმ მუშაობას, რომელსაც ახორციელებს  ჩვენი თავდაცვის სტრუქტურა და იმ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობით.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რომ [ნატოს] მომავალ სამიტზე უელსში ქართული მხარე მიდის უაღრესად წელში გამართული და იმედი აქვს ადეკვატური მხარდაჭერისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ნატოს სექტემბრის უელსის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება სურს, თუმცა ამ საკითხზე ალიანსის შიგნით კონსენსუსი არ არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს უსაფრთხოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სექტემბრის სამიტის დღის წესრიგში იქნება.

სააგენტო „ბლუმბერგი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელიც ოლანდთან ერთად სტუმრობდა საქართველოს, იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ უნდა დაჩქარდეს. ამავე ინფორმაციით, ალიანსის საქართველოსკენ გაფართოება მოსკოვის მიერ აღქმული იქნება, როგორც აგრესიის აქტი. 

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან თედო ჯაფარიძემ 13 მაისს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ „სექტემბრის ნატოს სამიტზე MAP-ის მიცემაზე საქართველოსთვის უარის თქმა იმის დადასტურება იქნება რუსეთისთვის, რომ დასავლეთი ყოველთვის დაექვემდებარება მოსკოვის ზეწოლის ტაქტიკას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოხატა საქართველოს მზაობა ნატოში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმის თაობაზე.

„კონკრეტულად, რასაკვირველია, არაფერი არ თქმულა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ უელსის სამიტამდე გაგრძელდება კონსულტაციები ნატოს წევრ ქვეყნებში იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აისახოს საქართველო მიერ მიღწეული პროგრესი ნატოს გადაწყვეტილებებში“, – განუცხადა ფანჯიკიძემ „რუსთავი 2“-ს სამშაბათს საღამოს, „ალიანსი და მისი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა  – საფრანგეთი ამაზე ფიქრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მხარდაჭერა“.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას ივნისიდან წვლილი შეიტანოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან  თარჯიმნის მეშვეობით საუბრისას, რომელიც აეროპორტში, მისი ჩამოფრენისთანავე შედგა, ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ეს კონტრიბუცია აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ევროკავშირის ფარგლებში – „ჯერ როგორც პარტნიორს და შორეულ პერსპექტივაში, როგორც წევრს, როცა დადგება ეს საკითხ; მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ამ პროცესის თითოეული ეტაპი“.

საქართველო ბათუმის ქვეითთა ბატალიონის 150 სამხედროს გაგზავნას გეგმავს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში, რომელშიც საფრანგეთს წამყვანი როლი აქვს. ამ ქართულმა სამხედრო შენაერთმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში თავისი მისია წლის დასაწყისში დაასრულა.

საქართველოს შეარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 13 მაისს „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა უკვე გაიარეს განთავსების წინა მომზადება, მათ შორის ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ესწრებოდა გაფართოებულ შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, განაცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად ასევე განიხილეს „ნატოში საქართველოს გაწევრიანება“ და „ერთობლივი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“.  „ბუნებრივია, ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, – განაცხადა ალასანიამ.



საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ფრანგულ ეკონომიკურ ფორუმზე თბილისში, 13 მაისი. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ოლანდმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართეს ქართულ-ფრანგულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

ფრანსუა ოლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი მისწრაფების მიმართ „გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“.

მისი თქმით, თბილისში გამართული ფრანგულ-ქართული ეკონომიკური ფორუმი ადასტურებს იმ ნდობას, რომელიც საფრანგეთს საქართველოს განვითარების მიმართ გააჩნია და აჩვენებს პარიზის სურვილს ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „სტაბილურ“ და „პროგნოზირებად“ კანონმდებლობასა და ფისკალურ გარემოს, ასევე საქართველოს  გეოგრაფიულ მდებარეობას და მისი მთავრობის პოლიტიკურ ნებას ეკონომიკის მოდერნიზაციისა და რეფორმების გაგრძელების კუთხით, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორებს ინვესტიციების მოზიდვისთვის. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის კუთხით, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რომელიც ენერგო მომარაგების დივერსიფიცირებას ცდილობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიმეორა მხარდაჭერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოახლებული ხელმოწერის მიმართ, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოს და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

„რამდენიმე ეტაპი არსებობს, რომელიც [საქართველოს მიერ] გასავლელია; ამიტომ არ არის საჭირო აჩქარება, რამაც შეიძლება გაართულოს მდგომარეობა; სანამ სხვა პერსპექტივებზე ვისაუბრებდეთ, ჯერ მიზანშეწონილია სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში არსებული პირობების დაცვა, შესრულება და შემდგომში ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად“, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა, თარჯიმანის თანახმად.

ეკონომიკურ ფორუმზე თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს „მეგობარი“ და „პარტნიორი ქვეყანაა“.

„უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის პოზიციას საქართველოს ევროპულ და ევრო- ატლანტიკური მისწრაფებების,  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების აუთვისებელი პოტენციალის ამოქმედება.

შეკითხვაზე, თუ რამდენ ხანში გეგმავს საქართველო იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რასაც მისგან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოითხოვს, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩვენ გვესმის, რომ ეს პროცესი არ არის უმტკივნეულო, გვესმის, რომ ძალიან ბევრი პრინციპული საკითხის მოგვარება მოგვიწევს საკმაოდ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ ისიც გვემის, რომ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს გარკვეულ სიხისტეს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ინტერესები  ადგილობრივი მწარმოებლების ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი ინტერესები. მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ხედვა და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შესრულდეს აღნიშნული სამოქმედო გეგმა, რომელიც თან ერთვის  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ აღნიშნულ პროცესს ჩვენ ძალიან მოკლე დროში, მაგრამ უმტკივნეულოდ ჩავამთავრებთ. ჩვენ მივუყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი“. 

თბილისში ვიზიტით ფრანსუა ოლანდმა თავისი სამდღიანი ტურნე დაასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთში სტუმრობის შემდეგ.

საფრანგეთის ლიდერი ბოლოს საქართველოს 2011 წლის ოქტომბერში სტუმრობდა, როცა მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ასევე სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია თბილისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)