თბილისი თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტს აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი თბილისში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაიბარა და ქართული მხარის „უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი“ გამოთქვა თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაციის სეპარატისტულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით.

თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის, დაახლოებით, 80 წევრი აფხაზეთს 9–12 მაისს ესტუმრა და სოხუმში ფედერაციის 44–ე შეხვედრა და ასევე თურქი და აფხაზი ჟურნალისტების პირველი ყრილობა გამართა. დელეგაციის წევრები სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

თურქული დელეგაცია სეპარატისტულ რეგიონში  რუსეთის გავლით ჩავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა მანამდე 13 მაისს, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა.

კანონის თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ შესვლა უცხოელი მოქალაქეებისთვის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც საქართველოს მიერ არ კონტროლდება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ წესის დარღვევა ისჯება ფულადი ჯარიმით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ „მსგავსი ფაქტები არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს; მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ფაქტები „მომავალში აღარ განმეორდება“. 

„თურქეთის ელჩმა დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა უმაღლეს დონეზე, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აბდულა გიულის მიერ საქართველოში 7 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არ დაუშვებს თურქეთიდან რაიმე სახის ოფიციალური ხასიათის კონტაქტების განხორციელებას აღნიშნულ რეგიონებში“.